აქტუალური
ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი, ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ-ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია.

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 15 წლის განმავლობაში მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში.

ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, ევროკავშირის მონიტორინგის მისია, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს. ამ 15 წლის განმავლობაში მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პირადად მექნება შესაძლებლობა, რომ ჩავიდე და ვნახო ადგილზე სიტუაცია და ამ მისიის ოფისსაც ვეწვიო. და ბოლოს, მე ასევე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენს მხარს ვართ, რომ თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამას აპრილში და მომდევნო თვეებში განვაცხადებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო და საქართველოს მოქალაქეებო, მე ვასრულებ ჩემს გამოსვლას იმ სიტყვით, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ და ამისთვის ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც საჭირო იქნება“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.