უცხოეთი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი - აზერბაიჯანული მხარე უზრუნველყოფს ყარაბაღელი სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებას, ყოფილ სამხედროებთან და მებრძოლებთან მიმართებით ამნისტიას ვგეგმავთ

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი.აზერბაიჯანული მხარე უზრუნველყოფს ყარაბაღელი სომხების პოლიტიკურ, მუნიციპალურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ჰუმანიტარულ უფლებებს და, შესაბამისად, რელიგიურ უფლებებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, როდესაც საუბარია რეინტეგრაციაზე, აზერბაიჯანი გულისხმობს ყველა ელემენტს, მათ შორის ყარაბაღის სომხების სოციალურ და ეკონომიკურ რეინტეგრაციას აზერბაიჯანში.

ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ჰუმანიტარულ ტვირთს, ნავთობს, გაზს, ბენზინს მიაწვდის და სამედიცინო დახმარებას გაუწევს.

„ჩვენ ოფიციალურად, პრეზიდენტის დონეზე უზრუნველვყოფთ ყარაბაღელი სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვეპყრობით, როგორც თანასწორ მოქალაქეებს. ეს ასევე ეხება ყველა სამოქალაქო პირს. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პრობლემები არ უნდა იყოს, თუნდაც ყოფილ სამხედროებსა და მებრძოლებთან მიმართებაში, თუ შეიძლება მათი კლასიფიკაცია ასეთი სახით. ჩვენ ვგეგმავთ ამნისტიას. შევთანხმდით, რომ ისინი, ვინც იარაღს დაყრიან და პირობას დადებენ, რომ არ გამოიყენებენ ძალას აზერბაიჯანული ძალების წინააღმდეგ, უბრალოდ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. მათ უნდა გადაწყვიტონ, დარჩებიან ყარაბაღში თუ წავლენ სომხეთში. ეს მათი მისაღები გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

1tv.ge