საზოგადოება
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს დისკრიმინაციულად მიიჩნევს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“, რომელიც 12 ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს პარლამენტის მიერ 21 სექტემბერს მესამე მოსმენით თავდაცვის კოდექსისა და კოდექსთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებას აკრიტიკებს. პლატფორმა მიიჩნევს, რომ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს.

ცვლილებების შედეგად, სამხედრო სამსახურის გადავადების ახალი წესები შემოდის; ამასთან, მღვთელთმსახურობა და სასულიერო სასწავლებელში სწავლა აღარ არის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი, ხოლო არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურს ექვემდებარებიან სასულიერო პირები. აღნიშნული მოწესრიგება არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათავისუფლებული არიან როგორც სამხედრო, ისე ალტერნატიული სამსახურისგან.

სამოქალაქო პლატფორმა აცხადებს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოქმნის განსხვავებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, სამხედრო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებულ მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებსა და, მეორე მხრივ, ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის/გაერთიანების სასულიერო პირებს შორის, რომლებსაც ევალებათ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა. შესაბამისად, ირღვევა კონსტიტუციით დაცული თანასწორობის უფლება და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს დისკრიმინაციულად ენიჭებათ პრივილეგია.

„დისკრიმინაციული მიდგომის გარდა, საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია რელიგიის თავისუფლების, პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის კუთხითაც, რამდენადაც, თავდაცვის კოდექსის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობისა და მღვდელთმსახურობის შესახებ, ანუ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი. „ამ ინფორმაციის იძულებით, სავალდებულო წესით გამჟღავნების შემთხვევაში დაირღვევა როგორც რწმენისა და რელიგიის, ისე პირადი ცხოვრების თავისუფლება“, – ნათქვამია „არა ფობიას“ განცხადებაში.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებული დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური ნორმების (ტყის კოდექსის, საგადასახადო კოდექსის, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის რიგი ნორმები და სხვა) გაუქმების ნაცვლად, საქართველოს პარლამენტი ქმნის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შეუსაბამო ახალ მოწესრიგებას, რომელიც კიდევ უფრო აფართოებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიათა წრეს. აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, საქართველოში დაცული იყოს დემოკრატიული წესწყობილების ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა რელიგიური თანასწორობა და რელიგიის თავისუფლება“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სამოქალაქო პლატფორმა ცვლილებების დამატებით ანალიზში აცხადებს, რომ მართალია განსხვავებული მოპყრობის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა განიხილებოდეს საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების უზრუნველყოფა, რაც მითითებულია კონსტიტუციის მე-8 მუხლში, იგივე მუხლის „მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას“.

პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ ცვლილებების თანახმად, დიფერენცირებული მიდგომა იქმნება, ერთი მხრივ, ქართველი მართლმადიდებელი სამღვდელოების მიმართ, რომელიც თავისუფლდება როგორც სავალდებულო, ისე ალტერნატიული სამსახურისგან, ხოლო მეორე მხრივ, სხვა აღმსარებლობის სასულიერო პირების მიმართ, რომელთაც მოუწევთ 12 თვიანი ალტერნატიული სამსახურის გავლა.

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში დომინანტური რელიგიური ჯგუფია. კანონის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებენ. თუმცა, ამ მიზნის საპირისპიროდ, სასულიერო პირებს მცირე რელიგიური ჯგუფებიდან სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში მსახურობა მოეთხოვებათ მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან.  

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობია“ აცხადებს, რომ თავდაცვის კოდექსის პროექტის განმარტებით ბარათზე დაყრდნობით, სადავო დიფერენციაციის ლეგიტიმური მიზანი ასევე შეიძლება იყოს, რომ გამოირიცხვოს „არაკეთილსინდისიერი ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას“. თუმცა, ამ მიზანში ნაგულისხმევია, რომ ყველა რელიგიური ორგანიზაცია, გარდა მართმადიდებელი ეკლესიისა, წარმოადგენს „არაკეთილსინდისიერ, ფიქტიურ“ რელიგიურ ორგანიზაციას. სამოქალაქო პლატფორმა აცხადებს, რომ ასეთი შინაარსის მქონე მიზანი ვერ იქნება განხილული უფლების შეზღუდვის ღირებულ, ლეგიტიმურ ინტერესად, ვინაიდან „ეწინააღმდეგება რწმენის თავისუფლებას და რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ნეიტრალურობას, რომლის უზრუნველყოფაც ევალება სახელმწიფოს“.