საზოგადოება
პრემიერი - სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით: ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო ისიც დაიკარგა და მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს საერთოდ ევროპაში. მე ვფიქრობ ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ვერავინ ვერ გაიხსენებს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც მე მას პირიქით მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასოდეს არ შემიზღუდავს მისი გადაადგილება. მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული, მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა თურმე და ჩვენ ხელისუფლება არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ამ 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი ისიც, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადება გაკეთებული რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ბუნდოვანი, თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი. ამ დროს როცა ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენს შორის ის მინიმალური ნდობა რომელიც შენარჩუნებული იყო ისიც დაიკარგა და მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი, თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და რა უნდა ილაპარაკოს კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა აღარ გვაქვს უბრალოდ, იქ რომ ჩავიდოდა არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული რას ილაპარაკებდა ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი. იმიტომ რომ ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის დღეს რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი. ეს არის პირდაპირ საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც შეაფასა, მისი თქმით გუნდი იძულებული იყო მოეხდინა რეაგირება, რადგან პრეზიდენტმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

"როცა ადამიანი არღვევს კონსტიტუციას და დაარღვევს კანონს, ამას პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე რაღაცის გაფუჭებაზე, მითუმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ვალდებული, იძულებული ვიყავით ჩვენ, ჩვენი გუნდი რომ მოგვეხდინა რეაგირება, ფორმალური რეაგირება. იმიტომ, რომ ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. რაც შეეხება სტატუსზე ასახვას, იმპიჩმენტზე ჩვენ ვთქვით ღიად, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა დაკარგული გვაქვს ამ ადამიანის მიმართ. გაუგებარია მისი ეს ქმედებები, მე არასოდეს იცით რომ ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. ახლა რაც შეეხება სტატუსს. რამდენად კავშირში არის სტატუსთან, საერთოდ გაუგებარი არის რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და შესაძლო კანონის დარღვევა სტატუსთან. მე ევროპელ ლიდერებს ვეუბნები ყველას ვუთხარი, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა აბსოლუტურად. მაგრამ ჩვენ ვიყავთ ვალდებული, რომ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა. ერთი რამ მინდა ვთქვა, მთავარი მინდა შეგახსენოთ ყველას, ქალბატონი სალომე რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს, საფრანგეთს წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე დავაკონკრეტებთ, ასე ვიტყვით იმიტომ, რომ რთული იქნება დღეს ამის თქმა. საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო მან შარშან მაგალითად, გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, ჭრილში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა საკუთარი, მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს როგორც უნდა ისე გადაალაგოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა და ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში მითუმეტეს ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს გეოგრაფიაზე მინიშნება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. სალომე ზურაბიშვილმა ეს ვერ მოახერხა, რომ დაერწმუნებინა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.