საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: იმედს გამოვთქვამ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით USAID-ის ადგილობრივი ოფისისგან გამჭვირვალე განმარტებებს მოვისმენთ

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა ის, რაც დღეს USAID-თან დაკავშირებით გახდა ცნობილი.

„სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.