საზოგადოება
შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა და „ჩაღლარის“ ქსელთან კავშირს წყვეტს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU), 28 წლიანი ისტორიის მქონე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, კავშირი გაწყვიტა ფეთჰულა გიულენთან აფილირებულ „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო ქსელთან. უნივერსიტეტი შეიძინეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, რომელიც ახლა 49%-იანი წილის მფლობელია, და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორმა გია კავთელიშვილმა, რომელიც 51%-იანი წილის მფლობელია. გაურკვეველია, დამოუკიდებლად გააგრძელებს IBSU ფუნქციონირებას, თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუერთდება.

ტრანზაქციის შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, IBSU-ს თურქმა და გერმანელმა მოქალაქეებმა მფლობელთა რიგები დატოვეს. ბოლო წლების განმავლობაში, IBSU და მასთან ასოცირებული “ჩაღლარის” საგანმანათლებლო ქსელი თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილების ობიექტი არაერთგზის გახდა. ამის მიზეზი იყო ქსელის ასოცირება ფეთჰულა გიულენის სახელთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს გადატრიალების მცდელობას ედავება.

ბოლო წლებში ქსელში შემავალ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არაერთი პრობლემა შექმნიათ სახელმწიფოს მხრიდან. მათი უმეტესობა დახურეს, რის შედეგადაც “ჩაღლარის” სკოლებიდან ამჟამად სულ ორი სკოლაა დარჩენილი: თბილისსა და ქუთაისში. ხელისუფლება ამ ნაბიჯებს ხსენებულ დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევებითა და კანონთან შეუსაბამობებით ხსნიდა, თუმცა არსებობდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისზე ზეწოლას თურქეთი ახდებდა და მისგან ქსელის დახურვას ითხოვდა.

„ჩაღლარის” ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება — ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა — რომელიც თბილისში მოქმედებდა, 2016 წელს, ჯერ კიდევ გადატრიალების მცდელობამდე დაიხურა. გადატრიალების მცდელობიდან მალევე, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ დაუკავშირეს ეს სკოლები, მათ შორის ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათი დახურვა მოითხოვეს.

შაჰინის სკოლამ გამორიცხა კავშირი გიულენთან და განაცხადა, რომ სიმართლე მის მხარეს იყო. მოიხედავად ამისა, რამდენიმე თვეში სახელმწიფომ სკოლას ავტორიზაცია დარღვევების მოტივით შეუჩერა. მომდევნო წლებში განათლების სექტორიდან ასევე გაქრა “ჩაღლარის” ქსელში შემავალი სხვა დაწესებულებების ნაწილიც: დემირელის კოლეჯი თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი რუსთავში და მიმდინარე წელს — დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლუცეუმი მარნეულში.

2017 წელს ქართულმა სასამართლომ განიხილა აწ უკვე დახურული დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე. თურქული მხარე მას გიულენის ორგანიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა და საქართველოს მის გადაცემას სთხოვდა. ჩაბუქი უარყოფდა ბრალდებებს და საქართველოსგან თავშესაფარს ითხოვდა. საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, სასამართლომ ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან 2018 წლის თებერვალში გაათავისუფლა.

2018 წლის ზაფხულში, თურქეთის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტს, სავარაუდოდ, გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი. მოგვიანებით, IBSU-ს ყოფილმა რექტორმა ილიას ჩილოღუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2017 წელს, თურქეთში მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო გიულენის მოძრაობის წევრობის ბრალდებით, 2018 წელს კი, მისივე ინფორმაციით, ართვინის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. ჩილოღუ, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ამჟამად ემიგრაციაშია და ამბობს, მისი საქართველოში დარჩენა სარისკო იყო.

2018 წელს, განათლების სამინისტრომ IBSU-ს ერთი წლით შეუზღუდა პირველკურსელთა მიღების უფლება. ოფიციალურ მიზეზად ფინანსური არამდგრადობა დასახელდა. როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, უნივერსიტეტის მხარდამჭერები ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ.