საზოგადოება
სერგეი ლავროვი: რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს ხვდება. შეხვედრაში ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჯიოევი მონაწილეობენ. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დაწყებისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს“.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროების მხარდაჭერისთვის.

„დღეს ხელს მოვაწერთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების გეგმას. ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციაში რეგიონული პოლიტიკის, საერთაშორისო პრობლემატიკის საკითხებზე და სამხრეთ ოსეთის საგარეო კონტაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ყველანაირად მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავეხმარებით“, – განაცხადა ლავროვმა.

მანამდე სერგეი ლავროვი სოჭში აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს შეხვდა. დაგეგმილია ასევე შეხვედრა სამმხრივ ფორმატში.