საზოგადოება
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ცვლილებებს მხარი დაუჭირა 75-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 23-მა წევრმა.

კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.