საზოგადოება
შარლ მიშელი - ქართველ ხალხს: „გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში და დარწმუნდით, რომ იგი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. გაფართოების საკითხს დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიტან და ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს მოხსენებას გაფართოებასთან დაკავშირებით. ადრეც მითქვამს და ახლაც ვადასტურებ, რომ გაფართოების საკითხს დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიტან და ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს“, – აღნიშნა მიშელმა.

შარლ მიშელმა საქართველოში რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მისი მთავარი მესიჯი.

„უკვე ვუპასუხე ამ შეკითხვას, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია. გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში და დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა – ესენი არის პრიორიტეტები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.