საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში, მიგვაჩნია, რომ ზურაბიშვილი არის სამარცხვინო

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გეგმავს რევოლუციურ პროცესებს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძეს იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა დაუსვა კითხვა, რომლის თანახმადაც: „საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ატარებდა შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან. მინდა, დამიდასტუროთ, რომ ამისთვის დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, პრეზიდენტის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამისთვის ითხოვთ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმპიჩმენტის საფუძველია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ინტენსიურად არღვევს კონსტიტუციას.

პოლიტიკურ პასუხს გაძლევთ პოლიტიკურ შეკითხვაზე. იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი, თქვენ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური შეფასება. თქვენ ხომ იკითხეთ, რა პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება არა მხოლოდ 52-ე მუხლს, პირველ რიგში, 78-ე მუხლს. სამარცხვინო ქალბატონია თქვენი პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწო.

კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა „საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით“.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.