საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას: არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება, მომენტი არ გავუშვათ

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. სრული მჭიდრო კავშირი და კონტაქტები უნდა გქონდეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება და ამის გაფიქრებაც კი, - ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სახით ასამართლებენ იმას, რომ საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს.

„თქვენი იმედი მაქვს ძალიან დიდი. სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჩემი წარმომადგენელი და ლიდერია, ხსნის სააკაშვილის ოფისს. მე თქვენთან ერთად დავდგები. გაერთიანება არ არის მხოლოდ საკმარისი, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

ფარცხალაძის გამოა დატყვევებული მთელი ჩემი ქვეყანა. სიფხიზლე, ერთიანობა, წინასწარ ცოდნა, რას ვაკეთებთ გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი ახლოვდება, მანამდე მუდმივი მოძრაობა.

არ გვაქვს უფლება რამენაირად ვიყოთ მოშვებულები, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მეგობრებო მთავარია, არაფერზე ჩამოვუშვათ ხელი და მომენტი არ გავუშვათ, ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი ოლიგარქია, სუს-ი თუ „მუსი“, ვერაფერი ვერ შეცვლის მთავარ მოცემულობას. საქართველო აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოვა. მე თქვენთან ერთად ვდგავარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.