საზოგადოება
ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.

მოქალაქეთა შორის არიან ისრაელის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან.

როგორც ისრაელის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მიხაილ შიტინბურგმა განაცხადა, პატივს მიაგებს მათ, ვინც ისრაელის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

„მე ისრაელიდან ვარ, ჩრდილოეთ ისრაელში ვცხოვრობ. მინდა, პატივი მივაგო მათ, ვინც ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ისრაელი მშვიდობიანი ქვეყანაა. გვინდა, მალე დავბრუნდეთ სამშობლოში, რათა ახლოს ვიყოთ ჩვენს ხალხთან და დავუჭიროთ მხარი ასეთ რთულ მომენტში“, – განაცხადა შიტინბურგმა.

ამასთან, გაბრიელა როსანსკმა, რომელიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება, აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა მეორე მსოფლიო ომს ახსენებს.

„ჩვენ ვსტუმრობთ თქვენს ულამაზეს ქალაქ თბილისს. ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო, რომ თბილისში სინაგოგამ სასტიკი თავდასხმის შედეგად დაღუპულ ისრაელელებს პატივი მიაგო. „ჰამასი“ ესვრის ქალებს, კაცებს, ბავშვებს, მოხუცებს. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსენებს მეორე მსოფლიო ომს. ვთხოვთ მსოფლიოს, წითელ ჯვარს, ყველა ინსტიტუციას, რომ დაგვეხმარონ, გავიგოთ, რა ემართებათ მძევლებს“, – განაცხადა გაბრიელა როსანსკმა.