საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ევროპაში იყო შეფარებული მიხეილ სააკაშვილი და დღემდე შეფარებულია კეზერაშვილიც, ევროპის პასუხისმგებლობაა ქართულ პოლარიზაციაზე

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი - დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სისხლის სამართლის საქმეებით, უნდა გადმოგვცენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, "ვნახეთ შედეგი, კერძოდ, რევოლუციური გეგმები".

„მე, მათ შორის, ჩვენ ევროპელ კოლეგებთან საუბრის დროს და თუ გახსოვთ, გასულ წელს, წლიური ანგარიშის დროს ვთქვი, რომ სინამდვილეში საქართველოს პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში. საქართველოში რადიკალიზაციამ რომ დაიწიოს და პოლარიზაცია შემცირდეს, თავისი წვლილი უნდა შეიტანონ ევროპელებმაც, ევროპასაც თავისი წვლილი აქვს გასაკეთებელი. როდესაც დავით კეზერაშვილს საქართველოს არ გადასცემ, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპაში აფარებდა თავს, არ გადმოგვცემდნენ და ვნახეთ შედეგი, რაც იყო - რევოლუციური გეგმები. ზურაბ ადეიშვილი, უკრაინაშია და ევროპაშიც დადის. სხვა დამნაშავეები, რომლებიც ცნობილი არიან სამი ინსტანციით დამნაშავეებად და სისხლის სამართლის საქმეებით, უნდა გადმოგვცენ. ეს იქნება მათი წვლილი დეპოლარიზაციაში.

რაც შეეხება პოლარიზაციის პრობლემას, რა თქმა უნდა, ის, რომ ევროპაში იყო შეფარებული მიხეილ სააკაშვილი და დღემდე შეფარებულია კეზერაშვილიც, ევროპის პასუხისმგებლობაა ქართულ პოლარიზაციაზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.