უცხოეთი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ხელახლა ოკუპირება დიდი შეცდომა იქნება, თუმცა „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ხელახლა ოკუპირება დიდი შეცდომა იქნება, თუმცა „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-თან ინტერვიუში გააკეთა.

ბაიდენის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ისრაელი ომის კანონების დაცვით იმოქმედებს.

„ჩემი აზრით, ღაზის სექტორის ოკუპირება დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით ღაზის სექტორში მოხდა შემდეგი – „ჰამასი“ და ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენენ მთელ პალესტინელ ხალხს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისრაელის მიერ ღაზის ხელახლა ოკუპირება იქნება შეცდომა. მაგრამ შესვლა და ექსტრემისტების განადგურება, „ჰეზბოლა“ არის ჩრდილოეთი და „ჰამასი“ სამხრეთით, არის აუცილებელი საჭიროება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამავე ინტერვიუში ბაიდენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი და მოძრაობა „ჰეზბოლა“, თავი შეიკავონ ჩარევისგან.

1tv.ge