უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, ასევე, ახლოს იყოს ევროკავშირთან „იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი შესაძლოდ ჩათვლის”

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთი მზად არის წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ერევანი მზად არის აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპებს ასახავს, და ასევე მოიაზრებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას, რომლებიც ქვეყნების სუვერენიტეტზე იქნება დაფუძნებული.

კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს.

თავის სიტყვით გამოსვლაში ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირთან ახლოს იყოს “იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლოდ ჩათვლის”.

interpressnews.ge