სამართალი
კახა კალაძე: აბსოლუტურად გაუგებარია გავაიგივოთ ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აბსოლუტურად გაუგებარი და ფიზიკურად შეუძლებელია გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან - ამის პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან, მარტივად და ელემენტარულად რომ ვთქვა, არის ძალიან სასაცილო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ერთი ქოლგის ქვეშ არიან და ერთ თამაშს თამაშობენ.

ამასთან, კალაძის თქმით, მას არ აინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს და რას იტყვის.

„თქვენ როდის მერე გახდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი? მე არ მახსოვს, რომ თქვენ დაგესვათ შეკითხვა პრეზიდენტთან დაკავშირებით, როდესაც ნიკა გვარამია აკეთებდა, მაგალითად, განცხადებებს. მე უბრალოდ მრცხვენია და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რასაც ის უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს. ალბათ, გახსოვთ. მე არ მახსოვს ერთი შემთხვევა, რომ თქვენ მოსულიყავით და დაგესვათ აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვა და მაინტერესებს, როდის მერე გახდით სალომე ზურაბიშვილის გულშემატკივარი? არ მგონია კანდიდატის სტატუსი გაინტერესებდეთ, პირიქით, მგონია, რომ გახარებული იქნებით, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ყოველ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებთ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს, მაგრამ აქაც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ დამსახურებულად მიიღოს სტატუსი. აქამდეც ვიმსახურებდით, თუმცა იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ აღნიშნული საკითხის ბოლომდე მიყვანა დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელი იყო და ზუსტად ეს იყო მოტივი, მე ასე ვფიქრობ და მგონია. როდესაც პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა, მას გააზრებული ჰქონდა ძალიან კარგად, მიმართვა გაუგზავნა მთავრობას გამგზავრებასთან დაკავშირებით მიეღო თანხმობა, მას მოუვიდა არადამაკმაყოფილებელი პასუხი - უარი და ის მაინც წავიდა, ანუ დაარღვია კონსტიტუცია. მოტივი იყო ერთი, რომ ძალიან კარგად იცოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ყველაფერს მხარს არ დაუჭერდა, იმიტომ, რომ დღეს ისინი ერთი ქოლგის ქვეშ არიან და ერთ თამაშს თამაშობენ. თავიდანვე ვთქვით, ირაკლი კობახიძემ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომ შეუძლებელი იყო იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა.

აბსოლუტურად გაუგებარი და ფიზიკურად შეუძლებელია გავაიგივოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან. ნებისმიერი აქ მყოფი ადამიანი გეტყვის, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევა იყო. ჩვეულებრივად პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია აიღოს ნებართვა უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობისგან, პირდაპირ წერია და როდესაც შენ ამას არღვევ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. ამის პარალელის გავლება ქვეყნის ევროპულ მომავალთან, მარტივად და ელემენტარულად, რომ ვთქვა არის ძალიან სასაცილო და სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება.

გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რა განცხადებას გააკეთებს. სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემებია დღეს საქართველოში, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი რას იტყვის ან რა განცხადებას გააკეთებს. ჩემთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ის, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს არის ყველაზე მთავარი და ამომავალი და მერე სხვა ყველაფერი დანარჩენი”, - განაცხადა კალაძემ.