სამართალი
პარლამენტმა ცვლილებებს, რომლის თანახმად, თანამდებობის პირების არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება, მხარი დაუჭირა

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ნარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ცვლილებით პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო წესით, მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს.

რაც შეეხება სხვა დანარჩენი უწყებების ყოველწლიურ ანგარიშებს, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცემა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კომიტეტის, ფრაქციის ან ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში გავა.

ამავე პროექტით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება.

პროექტით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხიც რეგულირდება. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი პირველ სხდომაზე არ იქნება, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის.

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.