სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილი: აშშ-ს ფარცხალაძეზე მტკიცებულებები არ მოუწოდებია

 საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები საქართველოს ხელისუფლებისთვის ჯერ არ მიუწოდებია.

პარლამენტში 19 ოქტომბერს გამართული მისი მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი „გამოიკითხა და არა დაიკითხა“ და რომ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღესვე დატოვა. სუს-ის უფროსმა არ გაამხილა რომელ ქვეყანაში გაემგზავრა ფარცხალაძე, თუმცა არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლოა რუსეთი ყოფილიყო.

მტკიცებულებები ვერ მივიღეთ მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მეშვეობით, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, გაიგზავნა სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა, ამჟამად, არანაირი დეტალები არ მიგვიღია. პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელმა უარყო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები სავარაუდოდ არ ენდობიან ქართველ კოლეგებს და ამიტომაც არ აზიარებენ ამ ინფორმაციას. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით უფრო სენსიტიურ და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს რომ ინფორმაცია წინსწრებად ჰქონოდათ ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მოგვაწვდიდნენ მას“, – განაცხადა მან.

ლილუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღემდე არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს სტრუქტურას, რომელსაც საქართველომ მიმართა, არ მოუწოდებია ინფორმაცია ფარცხალაძის რუსულ კავშირების შესახებ.

მისივე თქმით, მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა, მოითხოვს მტკიცებულებების მაღალ სტანდარტს. თუ მტკიცებულება არ იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება”, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, დაიკითხნენ თუ არა ფარცხალაძის შესაძლო თანამზრახველები, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს უახლოეს პირთა წრის გამოკითხვა.