უცხოეთი
გაერო-ში ისრაელის ელჩი - ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე, დადგა დრო, მათ გაკვეთილი ჩავუტაროთ

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ, რომელშიც ის ამართლებდა „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას ისრაელზე, ისრაელი უარს იტყვის ვიზების გაცემაზე გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის.

„მისი განცხადების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ჩვენ უკვე უარი განვუცხადეთ ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს, მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ჩავუტაროთ“, – განაცხადა ერდანმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივნმა, ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა: „მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება“. აღნიშნულ განცხადებას გაერო-ში ისრაელის ელჩმა „შოკის მომგვრელი“, „საშინელი“ და „რეგიონის რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი“ უწოდა. ამასთან, გილად ერდანი ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

1tv.ge