რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბი და ბიბი

   ბიბი - ასე ეძახდნენ ბენიამინ ნეტანიაგუს ბავშვობიდან და ეს მეორე სახელი მას მთელი ცხოვრების მანძილზე შერჩა. ბიბი-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ყველა მის წინამორბედზე მეტხანს - 17 წელი უკავია.

   ბი - ასე ეძახდნენ პოლიტოლოგები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს კულისებს მიღმა საუბრებში მას შემდეგ, რაც ის 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. ბი პრემიერად ყველა მის წინამორბედზე ნაკლებ ხანს დარჩა - ერთი წლის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და მის მერე ბი-ს არავინ უძახის. მიუხედავად ამისა, საქართველო დღემდე ცხოვრობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის პოლიტიკური დღის წესრიგით, თუმცა ბი-ს არც ერთი თანამდებობა არ უკავია.

   ისრაელში ბიბი-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს - ის კორუფციასა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, ხოლო საქართველოში პარიქით - ბი-მ საკუთარი ჯიბიდან სამი მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე დახარჯა.

   ისრაელი ბიბი-ს პრემიერობას მუდმივად ომშია, საქართველოს კი ბი-ს მთავრობის მოსვლის შემდეგ არ უომია და ეს პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

   ბიბი-ს მამა და ბაბუა - ისტორიის პროფესორი და რაბინი - გამოჩენილი სიონისტები იყვნენ, ხოლო თავად ბიბი პრემიერობამდე თითქმის ყველა სამინისტროში მინისტრად მუშაობდა. ბი უბრალო ქართველი მაღაროელის შვილია და მიჭირს უფრო დრამატული ამბის გახსენება, ვიდრე ჭორვილელი ბიჭის მწვერვალებისკენ მიმავალი გზა.

   მაშ ასე, ორი ქვეყანა - ისრაელი, რომელიც 75 წლისაა, და საქართველო, რომლის ისტორიაც სამი ათას წელზე მეტს ითვლის და რომელსაც ქართველი ებრაელები თავის სამშობლოდ მიიჩნევენ. ორი წმინდა მიწა - ერთზე ჯვარცმული ქრისტეს სისხლი დაიღვარა და წმინდა ცეცხლი გარდამოდის, მეორე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია, სადაც წმიდა ნინო კაბადოკიელი განისვენებს. ორი პრემიერის ორი პოლიტიკა - ისრაელის თანატოლი 74 წლის ბიბი-ს პოლიტიკა მთელ მსოფლიოშია ცნობილი, საქართველოს 67 წლის შვილის, ბი-ს პოლიტიკა ყველასთვის უცნობია.

   მაშ, რაში მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელსაც განუხრელად იცავს მისი პოლიტიკური გუნდი - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება?

   პოლიტიკა, რომლის რელსებზეც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააყენა, ორიენტირებულია მეზობლებთან მშვიდობასა და ქართველი ხალხის საარსებო მოთხოვნილებების უზრუნველყოფაზე. ეს პრიორიტეტები, ბი-ს აზრით, ეროვნული ინტერესების საუკეთესო გარანტიაა, სწორედ მათ განხორციელებაში ხედავს იგი სხვა ამოცანების, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის პრობლემების გადაჭრის გზას. მიზეზი მარტივია: მილიარდერთა კლუბი, რომლის წევრიც ივანიშვილია, ესაა მსოფლიო ბიზნეს-ელიტა, რომლის ბიზნესიც ეკონომიკების და, მაშასადამე, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკის ნაწილია, რისი გაგების უნარიც არ შესწევს უბადრუკ ქართულ ოპოზიციას, რომელსაც პოლიტეკონომია არ შეუსწავლია. მაშასადამე, რითიც არ უნდა დაკავდეს ბიძინა ივანიშვილი - ბიზნესი იქნება ეს, თუ პოლიტიკა, ის ყოველთვის ბიზნეს კატეგორიებით იაზროვნებს, ბიზნესი კი არ ითმენს ფორსმაჟორს, ომებსა და რევოლუციებს, რადგან ის ორიენტირებულია რეალურ ეკონომიკურ სარგებელზე და არა პოლიტიკურ დივიდენდებზე.

სადაც ვაჭრობენ, იქ არ ომობენ“, - ნათქვამია ბიზნესის პირველ მცნებაში, ამიტომაც ივანიშვილმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველ რიგში, აღადგინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. შედეგად, საქართველოს დღეს აქვს პირდაპირი ავიარეისები, საავტომობილო და უვიზო მიმოსვლა რუსეთის ფედერაციასთან, მილიონობით რუსი ტურისტი საქართველოში, ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე და რუსული ნავთობპროდუქტების და მაღალი ხარისხის ხორბლის იმპორტი ხელმისაწვდომ ფასად. ამ ყველაფრის, და ასევე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გამო, უბადრუკმა ქართულმა ოპოზიციამ ბი გამოაცხადა რუს ოლიგარქად, ხოლო „ქართული ოცნების“ მთავრობა - პრორუსულად და „არც უეჭვია“, რომ ჩინეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორები ევროკავშირი და აშშ არიან, გასულ ოთხშაბათს კი სი ძინპინმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრაზე მისალმებისას განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა აშშ-თან ურთიერთმომგებიანი ურთიერთობებისთვის, რათა ხელი შეუწყონ ერთმანეთის პროგრესს და გადაჭრან გლობალური პრობლემები მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ“.

   ამავდროულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორი კვლავ ევროატლანტიკური - ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საქართველო რჩება ასოცირებული ტრიოს „უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს“ წევრად. 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პრაღაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტში - და იმავე დღეს საქართველომ უარი თქვა რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის მონაწილეობაზე თეირანში, სადაც რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი წარმოადგენდა. რამდენიმე დღით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საპარლამენტო მოხსენებაში საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი იქნა მოხსენიებული, რომელიც მის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას უყრის კენჭს და არ გაუწვევია ჩანაწერი კონსტიტუციაში საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის შესახებ. სად დაინახა ამის შემდეგ უბადრუკმა ქართულმა ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული ხელისუფლების ანტიდასავლურ-პრორუსული ვექტორი, უცნობია...

   საშინაო პოლიტიკაში ბი-ს მიღწევები არანაკლებ შთამბეჭდავია, თუმცა სოციალური პრობლემები და უმუშევრობა თვალშისაცემია და ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა გასცა ბრძანება საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე პირველი მოსმენით მიღებული „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის უკან გაწვევის შესახებ, ივანიშვილმა ხელი შეუწყო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების - უცხოური გავლენის აგენტების, დასავლური სპეცსამსახურებისა დ, USAID-ის ტიპის ორგანიზაციების მიერ მოსყიდული მოღალატეების ლუსტრაციას. ივანიშვილმა თავისი მოწინააღმდეგეები დაცინვის საგნად და ხალხის მტრებად აქცია, ამხილა მათი უცხოელი სპონსორები და ლობისტები, დაუპირისპირა ერთმანეთს ოპოზიციის ლიდერები და ამით პრაქტიკულად გაანადგურა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ვერც კი მოასწრეს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანება. დღეს საქართველოში ოპოზიციის საერთო რეიტინგი არ აღემატება ამომრჩეველთა 15%-ს, საიდანაც 10%-ზე მეტი სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის ამომრჩეველია.

ივანიშვილმა სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად საავადმყოფოს პალატაში გამოკეტა, რითაც მთელ მსოფლიოს აჩვენა ამ სიმულანტისა და არარაობის ამაზრზენი სახე და თუ პრეზიდენტი გარისკავს სააკაშვილის შეწყალებას, მაშინ ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება კორუფციაში ბრალდებით სწრაფად დასრულდება და არ გაჭიანურდება წლების განმავლობაში, როგორც ისრაელში ბიბი-ს წინააღმდეგ.

ივანიშვილმა აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა, გამოიყენა ისინი ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, უბადრუკი ოპოზიციის ლიდერები ვერც კი მიხვდნენ, რომ ისინი მარიონეტებად გამოიყენეს, ხოლო ზოგიერთი დღემდე ასრულებს საიდუმლო მითითებებს, თუმცაღა მშვენივრად ესმის, რომ ისინი თავად ბი-სგან მოდის.

ივანიშვილმა იოლად განაირაღა თავისი მგზნებარე კრიტიკოსი, მყვირალა გვარამია: ჯერ ოპოზიციური ტელეკომპანიის გენდირექტორი და ამავდროულად ტელეწამყვანი ოპოზიციის მთავარ იდეოლოგად გამოაცხადა, შემდეგ კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსების გაფლანგვისთვის დააკავა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ხელით შეიწყალა ტელეკომპანიაში არდაბრუნების პირობით. ივანიშვილმა მას დაუპირისპირა თავისი პარტიის იდეოლოგი კობახიძე, რომლის ფონზეც დაკომპლექსებული პროვინციელი გვარამია, რომელმაც ვაშინგტონის მითითებით ტელეეთერში მაგინებელი გეის იმიჯზე უარი განაცხადა, ეკრანზე საცოდავად გამოიყურება.

ივანიშვილის წყალობით, საქართველოში გეი-აღლუმი არ ჩატარებულა, არ მიიღეს კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, მაგრამ ბევრი ქართველისაგან განსხვავებით, რომელთა ემოციურობა დიდი ხანია გადაიზარდა იმპულსურობაში და უტიფრობაში, ბი არასოდეს გამოხატავს აგრესიას და არ ახდენს ძალის დემონსტრირებას. ივანიშვილი არ ხურდავდება შეურაცხყოფაზე პასუხებით და მოთმინებით უჭერს მარყუჟს სასოწარკვეთილებით გაგუდულ თავის მტრებს, რომლებიც პოლიტიკური ველიდან არაკეთილსაიმედო ვითარებაში ქრებიან. არავინ, ვინც ქარაფშუტულად სათანადოდ ვერ შეაფასა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის, ბიძინა ივანიშვილის პიროვნება, მისპოტენციურშესაძლებლობები, დაუსჯელი არ დარჩენილა - არც საქართველოში და არც მსოფლიოში, ვით ცნობილ შვეიცარიულბანკიც კი, რომელმაც საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქის გაქურდვა განიზრახა, მაგრამ მალევე გაკოტრდა და გაუჩინარდა!

სწორედ ამიტომ მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ნოემბერ-დეკემბერში და "ქართული ოცნება" მოიგებს მომავალ წელს ყველა არჩევნებს, გასულ კვირას ხომ "საშინელი შეთქმულება გამოაშკარავდა" - თურმე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სატყუარას როლს ასრულებდა - აცდუნა ოპოზიციის ლიდერები, ეთხოვათ ევროკავშირისთვის, რომ საქართველოს არ მიანიჭონ სტატუსი 2024 წლის არჩევნების დასრულებამდე, რათა ოპოზიციას ჰქონოდა საბაბი, მოეწყო საქართველოში "უკმაყოფილოთა რევოლუცია" და მოეგო არჩევნები, ჩამოეყალიბებინა კოალიციური მთავრობა და ხელისუფლებაში სააკაშვილი დაებრუნებინა!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 27 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი