საზოგადოება
მამუკა მდინარაძე: USAID-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბევრს სცოდავენ

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ნებისმიერი ორგანიზაცია იქნება თუ ადამიანი, როცა ეუბნება პოტენციურ დამნაშავეს ან სამართალდამრღვევს, რომ რამეს თუ ჩაიდენ და ამას მოჰყვება პასუხისმგებლობა, მე ავიღებ ჩემს თავზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა, არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი და არა ირიბი მცდელობა. ამას აკეთებენ ორგანიზაციები, რომლებიც ფულს უხდიან სამართალდამრღვევს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ USAID-ის ადგილობრივ წარმომადგენლებს ცენტრალური ოფისიდან არ აქვთ მითითება საქართველოში რევოლუციური პროცესების დაფინანსების შესახებ.

„სასჯელის, გარკვეული სახდელის, ნებისმიერი სანქციის პრევენციული მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და დანაშაულზე, რადგან დაეკისრება გარკვეული სანქცია. ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა, კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას, პირდაპირ მტრობას ნიშნავს. ამიტომაც არის, რომ უკვე რამდენი დღე გავიდა, კიდევ არ ვიცით, ვისი ფულია ზუსტად, ხან USAID-ს დააბრალეს. როგორც ჩანს, და ამის ბევრი ნიშანი იკვეთება, შემთხვევით არ ვამბობ, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ბევრს სცოდავენ, რადგან გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ მითითებები, აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ.

კარგია, რომ ეს ნელ-ნელა ირკვევა. თუ რომელიმე ჩვენი თანამემამულე, ქართველი ადამიანი ფიქრობს, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადამხდელის, ევროპელი გადამხდელის, ევროპელი ხალხის ფული გამოიყენოს საქართველოში არეულობაში, ქაოსში, ძალადობაში და ა.შ. ეს არის ყველაზე ანტიევროპული, ანტიამერიკული და, ზოგადად, ანტიდასავლური ქმედება, რასაც, როგორც ჩანს, დიდი სიამოვნებით ახორციელებენ ამ ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.