საზოგადოება
ელჩი: ბოლო 24 დღეში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15 000 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე 1 500 პირია

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში 15 000 ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1 500 პირია.

„ბოლო 24 დღის განმავლობაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე 1500-მდე პირი გამოემგზავრა. ორმაგი მოქალაქეობის პირებს ვერ ვითვლით. საერთო ჯამში ისრაელიდან საქართველოში გაემგზავრა 15000 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე 1500-ია“,- აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ ისრაელში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა, ამიტომ ელჩი იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სტრესული ფონი აქვთ, ურჩევს გაერიდონ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ.

„დღეს ფართო იყო საჰაერო განგაშების არეალი, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხარეს, იმიტომ რომ „ჰეზბოლა“, რომელიც მაშინვე ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, უფრო გააძლიერა თავდასხმები. საათობრივად არის საჰაერო თავდასხმა და საჰაერო განგაში. დღეს უკვე მესამედ, იერუსალიმის მიმართულებით მოხდა საჰაერო თავდასხმა.

ნათელია, რომ რამდენიმე კვირიანი სტრესული მდგომარეობა ადამიანის ფსიქიკაზე აისახა. ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სტრესული მდგომარეობა ძლიერი აქვთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც აშკელონსა და აშდოთში ცხოვრობენ. ძალიან რთულია ამის გადატანა. როდესაც ღამით, საჰაერო განგაშის გამო 5-6 ჯერ გეღვიძება და ძილი არ გაქვს, ბუნებრივია ადამიანი ამას ვერ უძლებს. ამიტომ, ამ ადამიანებს ვურჩიე გაერიდონ ამ გარემოს ან გადავიდნენ ცენტრალურ ისრაელში, ან სამშობლოში დაბრუნდნენ.

პატარა ბავშვი, რომლის ცხოვრება ასეთი ფატალური შედეგით დასრულდა, მთლიანად ისრაელი შეძრულია ამ საშინელი შედეგით. 7 ოქტომბერს ტერორისტული აქტი რომ არ ყოფილიყო ბავშვი დღეს ცოცხალი იქნებოდა. მასზე ყოველდღიურმა სტრესმა იქონია გავლენა“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.