საზოგადოება
მოსკოვი აფხაზეთს დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით უმცირებს

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს.

აფხაზეთის ე.წ. ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება.

მედიის ინფორმაციით, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4.05 მილიარდი რუბლი იყო. ეს ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (დაახლოებით 4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.

შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციის მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.