საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის რეგიონმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მოუწოდა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ წევრი დავით სონღულაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„პირველ რიგში, უნდა დავიწყო იმ ტრაგიკული მოვლენით, რომელიც მოხდა საქართველოში და მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს. ამ საერთაშორისო პლატფორმიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, გაათავისუფლოს ტყვე, რომელიც ჰყავს დაკავებული და დაუყოვნებლივ დაიწყოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განუცხადა დავით სონღულაშვილმა ათენში ქართველ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება კონკრეტულად ვიზიტს, სონღულაშვილის განმარტებით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის რეგიონმა მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც მნიშვნელოვანია. დავით სონღულაშვილის განმარტებით, ევროპის რეგიონის სრული შემადგენლობა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციისკენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში საქართველო გახდა ასოცირებული წევრი, რამაც, ფაქტობრივად, შედეგი გამოიღო, რადგან დღევანდელ დღეს განხილული იყო დეკლარაცია, სადაც სხვადასხვა პროცესს ეხებოდა საკითხი. ჩვენი ინიცირებით, შესაძლებელი გახდა, კორექტირება შესულიყო დეკლარაციაში, სადაც ხაზგასმული იყო რუსეთი, როგორც აგრესორი. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის რეგიონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და მოუწოდა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, რაც მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ფაქტია. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის რეგიონის სრული შემადგენლობა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციისკენ. სრულად უჭერენ მხარს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც, საბოლოო ჯამში, ვიზიტისთვის მნიშვნელოვანი იყო და ხელშესახები შედეგები გვაქვს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 35-ე რეგიონული შეკრება გაიმართა, რომელშიც ქართულმა დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა.