საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 15 ნოემბერს შეხვდებიან ერთმანეთს. ორი ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. „როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონი და პეკინი ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებებისთვის ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ.
ამასთან, ჩინეთს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
სააგენტოს ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ისეთ საკითხზე იმსჯელებენ, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები. აშშ ასევე გეგმავს, ჩინეთთან განაახლოს მოლაპარაკებები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა რისკები შეამციროს.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა პირველად ნოემბრის დასაწყისში დაადასტურა, რომ ვაშინგტონი და პეკინი ორი ლიდერის შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. ოქტომბრის ბოლოს ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ის ჯო ბაიდენს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ამ მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა.
1tv.ge