საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორების სიას ღვინის კომპანიების წამყვანი ქართული ჯგუფი Bolero დაამატა, - ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ღვინის ქარხნების გაერთიანებულ ჯგუფში შედის: შპს Bolero & Company, შპს GVMT GROUP და GRUZVINPROM LLC. კომპანიების ერთადერთი ბენეფიციარია კარიჭაშვილი ვახტანგი, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ასევე არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის ბიზნესპარტნიორი. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ამ კომპანიებმა რუსეთში 68 მილიონ დოლარზე მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელეს. Bolero & Company Ltd-ის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს რუსულ ბაზარზე გაყიდვებით მიღებული შემოსავალი შეადგენს. ასევე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ომს არ აქვს და არც ექნება მნიშვნელოვანი გავლენა მათ ოპერაციებზე უახლოეს მომავალში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ Bolero Group-ი ასევე აქტიურად თანამშრომლობს დასანქცირებულ რუსებთან დაკავშირებულ კომპანიებთან.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი 2008 წელს, ზოგიერთ ქართულ კომპანიას ავიწყდება ისტორია, აგრძელებს რუსეთთან აქტიურ თანამშრომლობას. 2022 წელს რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ქართული ღვინის კომპანიების ბოლერო ჯგუფმა მნიშვნელოვნად გაზარდა ექსპორტი რუსეთში და დაიწყო თანამშრომლობა სანქცირებული რუსებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
interpressnews.ge