სამართალი
ეუთო-ოდირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას „კარვების შესახებ“ სადავო კანონზე

  საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის 18 ოქტომბრის მიმართვის შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირი) 10 ნოემბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებზე სასწრაფო მოსაზრება გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ „ცვლილებების პროექტი ვერ დააკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლის მკაცრ მოთხოვნებს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვისას“ და დასძენს, რომ „შესაბამისად, მათი მიღება არ უნდა მოხდეს“.

მოსაზრების თანახმად, „მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება იცავს შეკრებების ფართო სპექტრს, მათ შორის გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს და ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც“. ამასთან, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ თავისუფალი არჩევანის გაკეთება, თუ როგორ მიაწვდინონ ხმა საკუთარ აუდიტორიას, მათ შორის „შეკრების დროს კონსტრუქციების დროებითი აღმართვის გზით“.

ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ შეკრებებზე შეზღუდვები შეიძლება დარეგულირდეს, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესებისთვის, მაგრამ რეგულაცია არ უნდა იყოს დაკავშირებული შეკრების გზავნილთან და უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნებს.

ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები „ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის“.

მოსაზრებაში ნათქვამია, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.

რაც შეეხება შემოთავაზებული ცვლილებების ლეგიტიმურობას, ეუთო/ოდირი თვლის, რომ ის ვერ შეაფასებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების სისწორეს, რომელიც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობდა. თუმცა, დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია, აცხადებს ეუთო/ოდირი.

ეუთო/ოდირის თანახმად, შეკრების დროს დროებითი კონსტრუქციების აკრძალვის ფართო საფუძვლები, დიფერენცირების გარეშე, პროპორციულობის შესახებ შეშფოთებას იწვევს. ეუთო/ოდირი ასევე მიუთითებს, რომ არ არის ნათელი, თუ რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული. დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია როგორც არაპროპორციული.  

მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურად განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატანი ნებისმიერი ცვლილება დაექვემდებაროს ინკლუზიურ, ვრცელ და ეფექტურ კონსულტაციებს, მათ შორის სსო-ებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ქალებს, მამაკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარგინალიზებულ ჯგუფებს უნდა მიეცეთ მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა, ნათქვამია მოსაზრებაში.

4 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულ კანონპროქტთან დაკავშირებით ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა.

5 ოქტომბერს კი, პარლამენტმა მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც მმართველმა გუნდმა დაჩქარებული წესით მიიღო.

17 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო.