აქტუალური
იოზვიაკი: თბილისი სავარაუდოდ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის პირობები უნდა შესრულდეს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია ცხრა პირობით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ „ალბათ ნიშნავს“, რომ თბილისი დეკემბერში სტატუსს მიიღებს მიუხედავად იმისა, თუ რამხელა პროგრესს მიაღწევს რეფორმებზე, ხოლო „პირობების შესრულება შემდეგ ეტაპზე, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასვლის მაჩვენებელი უფრო იქნება“.

თავის მოსაზრებაში, იოზვიაკი აღნიშნავს, რომ საქართველო ჩამორჩა პირობების შესრულებას და 2022 წლის ივნისში ქვეყნისთვის განსაზღვრული 12 პირობიდან მხოლოდ სამი შეასრულა. იმავდროულად, უკრაინამ და მოლდოვამ, შესაბამისად, შეასრულეს შვიდიდან ოთხი და ცხრიდან ექვსი პირობა, რაც, როგორც ევროკომისია მიიჩნევს, მათგან მოთხოვნილი პირობების 90%-ის შესრულებას ნიშნავს. თუმცა, საქართველოს მწვანე შუქი მიეცა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის, რადგან, როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირის ზოგიერთ დიპლომატს მიაჩნია, რომ „ყველაფერზე მეტად [ევროკომისიის] მოხსენებები ასახავს გაფართოების იმ პოლიტიკურ იმპულსს, რომელიც ამჟამად ევროკავშირში არსებობს“.

იოზვიაკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, სავარაუდოდ, თბილისს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, თუმცა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე დარჩენილი და დამატებითი პირობების შესრულება იქნება საჭირო. მან აღნიშნა: „…გაურკვეველია, ეს როდის მოხდება. ჩვეულებრივ, 2024 წლის შემოდგომაზე იქნება გაფართოების ახალი ანგარიში, რომელშიც შეფასებები და პოლიტიკის რეკომენდაციები იქნება მოცემული. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის ევროკომისია შესაძლოა არ იყოს ფორმირებული, ანგარიშის დალოდება გახდება საჭირო“.