საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ხრისტო გაძევის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.
ხრისტო გაძევის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.
„ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ეხება როგორც ნატო-ში ინტეგრაციას, ასევე საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ინტეგრაციას არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, არამედ სხვადასხვა მიმართულებითაც, იქნება ეს ეკონომიკა, ენერგეტიკა თუ სხვა შესაძლებლობები. თავდაცვის სფეროს რაც შეეხება, განვიხილეთ ბულგარეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ერთობლივი წვრთნები და თავსებადობის გაზრდა, ვისაუბრეთ საქართველოში თავდაცვის დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტზეც და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე. ჩვენ, თურქეთთან და რუმინეთთან ერთად, შავი ზღვის დასავლეთით ერთობლივ წვრთნებს ვიწყებთ და განვიხილეთ ამ ოპერაციაში საქართველოს ჩართვის ალბათობა, თუ ეს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის სასურველი იქნება, რადგან საზღვაო მიმოსვლისა და საბორნე მიმოსვლის თავისუფალი გადაადგილება ორივე ქვეყნისთვის საკვანძოა. ასევე ვხედავთ შესაძლებლობას, რომ სანაპირო დაცვის ტრენინგებში მხარი დაგიჭიროთ. ეს ინიციატივა, რომელიც ახლა განხილვის საგანია, სწორედ ბულგარეთს ეკუთვნის. რაც შეეხება ეკონომიკისა და ენერგეტიკის დაკავშირებადობას, ვისაუბრეთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში ბულგარეთის ჩართულობაზე, რომელსაც ხელი მოეწერა ბუქარესტში. სავარაუდოდ, უნგრეთისა და რუმინეთის მსგავსად, ამ პროექტს ჩვენც შევუერთდებით“, – განაცხადა ხრისტო გაძევმა.
1tv.ge