უცხოეთი
პრეზიდენტი - არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა.

”არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი რომ CERN-ში თუ მაქს პლანკის ინსტიტუტში ასწავლის, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც.

იქ {საზღვარგარეთ} ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ამ იდენტობას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული.

„არცერთი სხვა ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, რომელში გაწევრიანებულებიც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან. ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი ორგანიზაცია. ისტორიამ იცის იმპერიები. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ, რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას. ვხედავთ და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ის მთავარი, რაც მივიღეთ, მაგრამ არამხოლოდ, „ერასმუსი“ არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სარგებლობს, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები. „ჰორაიზონ ევროპაც“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის სფეროს ნაწილისთვის. ჩვენ ვიყავით ფრანკფურტში, როგორც მასპინძელი ქვეყანა, დღეს ვართ „ევროპალიის“ მასპინძელი ქვეყანა. ის, რომ მეტი შეიძლება ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმათზე, ვინც ამ საშუალებას გვაძლევს, ზოგჯერ ჩვენ თავში ჩაკეტილები, ვერ ვახერხებთ გამოვიყენოთ ისე, როგორც საჭიროა.

ევროპა ასევე არის ჩვენი მომავალი, ეს არის საშუალება, რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ადამიანური რესურსის, პოტენციალის განვითარება. განვითარება ნიშნავს, არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, არამედ ნიშნავს პროფესიონალიზმს, იმ დარგების დაბრუნებას, რომელიც პრაქტიკულად ქრება საქართველოში. გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები - მეტი გვჭირდება. ძალიან ბევრი დარგია, სადაც ბევრად მეტი სპეციალისტი გვჭირდება. გავიარეთ შოვის ტრაგედია, ალბათ, ბევრად მეტი მყინვართმცოდნე გვჭირდება, ერთი-ორი გვყავს და ასეთ ქვეყანაში წარმოუდგენელია. უამრავი გეოლოგი გვყავდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ასევე არიან გარემოსდაცვითი მცოდნეები, ყველა ეს მიმართულება, რაც ქვეყნის დაცულობას ნიშნავს, არის ის, რაც უნდა განვავითაროთ“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

interpressnews.ge