უცხოეთი
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სერგეი ლავროვის მიწვევის გამო მონაწილეობაზე უარი თქვეს

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სერგეი ლავროვის მიწვევის გამო, სკოპიეში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ღრმად ვწუხვართ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პერსონალური მონაწილეობა მიიღოს სკოპიეში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში. ეს რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ საშუალებას მისცემს. სერგეი ლავროვის დასწრება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე ასევე ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტურ პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან შეგუების რისკს. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მინისტრები, ამის ნაწილი არ ვიქნებით და არ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას ამის შედეგებზე“, – ნათქვამია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი მინისტერიალზე დასასწრებად მიიწვია. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვას მისცემს.

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, მან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულებზე.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი პერსპექტივაში მაინც განიხილავს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულებას“, – ნათქვამია სამი ქვეყნის დიპლომატების განცხადებაში.

1tv.ge