სამართალი
გაფართოების შესახებ კონსენსუსზე გაურკვევლობის ფონზე ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიხსნა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში „ისტორიულ სამიტზე“ შეიკრიბნენ”. ორდღიან სამიტზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომისა და ისრაელსა და ღაზაში კრიზისის ფონზე იმართება, რიგ საკითხებს განიხილავენ, მათ შორისაა გაფართოების პერსპექტივები და შეთანხმება უკრაინის გრძელვადიანი სტრაბილურობის უზრუნველყოფისა და მისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. საკითხი მდგომარეობს იმაში, შეძლებს თუ არა ევროკავშირის საბჭო მიაღწიოს კონსენსუსს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით; ამასთან, გაფართოების პაკეტის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის ბედი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„სამოქალაქო საქართველოს“ შესაძლებლობა მიეცა ადგილიდან გაეშუქებინა მოვლენები და მკითხველს სთავაზობს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ სამიტის დაწყებამდე გაფართოების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს (რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე რთული საკითხი იქნება კონსენსუსის მისაღწევად).

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: გაფართოების საკითხი დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“. მან გაფართოებას ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა“ უწოდა და განაცხადა: გაფართოება არის ყველაზე ძლიერი სტაბილურობის შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ ბალკანეთისა და კავკასიის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება“. კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ თითოეულ ქვეყანაზე ცალკე იმსჯელონ, მან ამგვარი შესაძლებლობა უარყო და განაცხადა: თქვენ ყველამ იცით, რა არის დღის წესრიგში დღეს. რა თქმა უნდა, იქნება დისკუსია გაფართოების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში“ და დასძინა, რომ უკრაინამ წარმოუდგენელი ძალისხმევა გასწია პირობების შესასრულებლად“.

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გერმანიის პოზიციაზე ჰკითხეს. მან აღნიშნა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის წინადადებას“.

ყურადღების ცენტრში უდავოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომლის წინააღმდეგობამ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ვითარება არია და ევროკავშირის სამიტის წინ გაურკვევლობა შექმნა გაფართოებაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინამ არ შეასრულა ევროკომისიის პირობები“. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოება თეორიული საკითხი არ არის. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული იურიდიულად დეტალური პროცესი, რომელსაც წინაპირობები აქვს. ჩვენ [უკრაინას] წავუყენეთ 7 წინაპირობა და იქიდან კომისიის შეფასებითაც კი 3 არ არის შესრულებული. ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი“. მისი თქმით, საკითხს მაშინ უნდა დაუბრუნდნენ, როდესაც პირობები შესრულდება. მან ასევე უარყო რაიმე კავშირი უნგრეთის მიერ ევროკომისიიდან თანხების მიღებას (10 მილიარდი ევრო უნგრეთმა ევროკომისიიდან გუშინ მიიღო) და უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს შორის და განაცხადა: უნგრეთი არ აკავშირებს უნგრეთის არცერთ საკითხს უკრაინის საკითხთან“.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა: ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მივიღოთ ძალიან თამამი გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. სხვა ქვეყნებიც იცდიან, ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან მართლაც ბევრი გააკეთეს რეფორმების განსახორციელებლად. დიახ, არის გარკვეული საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შეიძლება“.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა: ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაიმე სახის შეთანხმებას. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ გავაჭიანუროთ ან მომავლისთვის გადავდოთ ეს საკითხი“. კითხვაზე, რა სიგნალი იქნება რუსეთისთვის, თუ ევროკავშირის ლიდერები არ შეთანხმდებიან გაფართოების საკითხებზე, მან უპასუხა: ეს ნამდვილად ცუდი სიგნალი იქნება“. „ეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ უნდა მივყვეთ [ევროკომისიის] მოხსენებას“. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა სკეპტიციზმი გამოხატა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივის მიმართ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინასა და მოლდოვაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას“. საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე მან განაცხადა: ჩვენ მხარს ვუჭერთ კომისიის ყველა წინადადებას გაფართოების პაკეტის თვალსაზრისით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით“. რუტემ იმედი გამოთქვა, რომ გაფართოების საკითხზე კონსენსუსი ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იქნება მიღწეული.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, ამ ორმა ქვეყანამ შეასრულა ვალდებულებები და დასძინა, რომ მათ ეს ყველაზე რთულ პირობებში გააკეთეს“. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების დაწყება, ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ასევე ეხება საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას, როცა პირობები შესრულდება“. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ გლობალური გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე ის ფასი, რომლის გადახდაც უმოქმედობის შემთხვევაში მოგვიწევს“, – განაცხადა მან. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია ნათელია, ეს არის ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ამას სარგებელი მოაქვს საზოგადოებისა და ხალხისთვის“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თავად ევროკავშირი მზად უნდა იყოს გაფართოებისთვის და მიმართა ევროკავშირის საბჭოს, რომ სერიოზულად მოეკიდოს ამ დისკუსიებს“.