აქტუალური
ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ საქართველოში ევროპული ინვესტიციების, ვაჭრობისა და ტურისტების წილი გაიზრდება

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის შემდეგ საქართველოში ევროპული ინვესტიციების, ვაჭრობისა და ტურისტების წილი გაიზრდება.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გაიზრდება საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და საქართველოს შეფასება საკრედიტო რეიტინგებში.

უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა. ასევე, დიდი ალბათობით, ძალიან მალე გაიზრდება საკრედიტო რეიტინგებში საქართველოს შეფასება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ამოქმედდება წინა გაწევრიანების მხარდაჭერის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. ეს დახმარება შეეხება ჩვენი მოქალაქეების ფართო სპექტრს, მათ შორის სტუდენტებს, მეცნიერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ფერმერებს და ასე შემდეგ. შესაძლოა, დახმარება 3-4 წლის განმავლობაში ჯამში, ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ქვეყნისთვის. გარდა ამისა, უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების შედეგად ეძლევა. დამატებით იქნება შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით – საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის და დონორი ორგანიზაციების, შესაძლოა, ახლო მომავალში საინტერესო შედეგებზე გავიდეთ“, – განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

ამასთან, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მიმართ შუა აზიის ქვეყნების დაინტერესება, ვინაიდან აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზარზე თავისუფლად გასვლის შესაძლებლობა სწორედ საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, გავლით უფრო მარტივად შეეძლებათ.

სწორედ ტრანსპორტით და ლოგისტიკით ახერხებს ყველა ქვეყანა საკუთარი გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, შუა დერეფნის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება. შუა აზიის ქვეყნებს ისედაც უნდოდათ საქართველოს ეკონომიკასთან მეტი ინტეგრაცია, საქართველოს გავლით ევროპაში სიარული, დღეს უკვე საქართველოს საზღვარი, ევროპის საზღვარი ხდება. ბევრი შუა აზიური ბიზნესი იყურება აქეთ, რომ საქართველოში საკუთარი საწარმოები დააფუძნონ, საკუთარი ნედლეულით აწარმოონ საქართველოში გარკვეული პროდუქცია, მას დაეწეროს „წარმოებულია საქართველოში“ და ამით ევროპის ბაზარზე თავისუფლად გასვლის შესაძლებლობა მიიღონ. უშუალოდ ტრანსპორტის ნაწილში ველოდები, რომ ევროპული რეგულაციები მოგვიტანს იმას, რომ ჩვენ დავიხვეწოთ მეტი ტექნოლოგის, ინვესტიციის მიმართულებით და პარტნიორები ჩვენს რეგიონში წამოვიყვანოთ. ამას ექნება საოცრად დიდი ეფექტი, რადგან იქ, სადაც ტვირთი ადვილად გადაადგილდება, სადაც სისწრაფეა, ადეკვატური სატარიფო პოლიტიკაა, იქ ტვირთიც მეტია ყოველთვის“, – განაცხადა ლევან სულაბერიძემ.

„ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ახლა საუკეთესო დროა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილება დადგა საქართველოსთვის, ოდნავ გვიან, მაგრამ მაინც. ამ ყველაფერს აქვს ორი მნიშვნელოვანი მდგენელი – პოლიტიკური და ეკონომიკური. ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გაყოფა შეუძლებელია. ქართულ ბიზნესს ქართულ სახელმწიფოსთან ერთად უჩნდება ახალი შესაძლებლობა, ამავდროულად, ახალი გამოწვევები, რომლებიც უნდა გავიაროთ. ეს ყოველივე ქართულ ბიზნესს და ქვეყანაში უკვე არსებულ ინვესტორებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანს, მაგრამ ამავდროულად, ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, არამედ იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც შემდგომში სურთ, ევროკავშირში გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. ვინმე თუ ელოდებოდა რაიმე ტიპის ბოლო აკორდს, ბოლო გადაწყვეტილებას, საქართველოში განეხორციელებინა თუ არა ინვესტირება, რადგან საქართველოს პროგრესი უნდა ეღიარებინათ სხვებს, ამ შემთხვევაში, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს, ევროკავშირს – ეს ბოლო აკორდიც დასმულია. შესაბამისად, ახლა საუკეთესო დროა ქვეყანაში ინვესტირებისთვის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.