სამართალი
კახა კალაძე: რეფორმები მომავალშიც განსახორციელებელია - თუ ოპოზიცია ჩაერთვება, მივესალმებით, თუ არადა, არც ეს იქნება პრობლემა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რეფორმები მომავალშიც განსახორციელებელია - თუ ოპოზიცია ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არადა, არც ეს იქნება პრობლემა, დარჩებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე ოპოზიციის მზაობაში დარწმუნებული არაა და ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მხოლოდ ხელის შეშლით იყო დაკავებული.

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება და წინსვლა. ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო ქვეყანას. ჩვენ გავატარეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ღირსეულად, ღირსების დაცვით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ მომავალშიც. მზად ვართ, თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, რეფორმები მომავალშიც განსახორციელებელია. არ ვიცი, ოპოზიცია რამდენად იქნება მზად ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ვნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელის შეშლით იყო დაკავებული და ყველაფერს ცდილობდა, რომ ქვეყანას როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც ვაპირებთ მუშაობას. თუ ისინი ჩაერთვებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არადა, არც ეს იქნება პრობლემა. ისინი დარჩებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან და ქვეყანა განაგრძობს განვითარებას და წინსვლას”,- განაცხადა კახა კალაძემ.