აქტუალური
„ქართულ ოცნებაში“ გაუგებარს უწოდებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე „გაუგებარს“ უწოდებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

მიქანაძის შეფასებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქტიური ფუნქციონირება სექტემბრიდან დაიწყო და ბიუროს ხელმძღვანელი აქტიურად არის ჩართული კომპეტენციით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში.

მიქანაძის თქმით, „კითხვის ნიშანი ბიუროს ხელმძღვანელთან და მისი არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით არ არსებობს“.

„დღემდე არ მსმენია, რომ ბიუროს რაღაც არ განეხორციელებინოს ან რასაც აკეთებს, მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია.

საკითხზე ვიმსჯელებთ და კიდევ უფრო დეტალურად განხილავთ, თუ რა სამართლებრივი არგუმენტები არსებობს კონკრეტული რეკომენდაციის ირგვლივ.

თებერვლამდე საკმარისი დროა, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ ოდირის რეკომენდაციები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად განვიხილოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.