უცხოეთი
აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, - ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ პირს.

სანქციების შემოღების კიდევ ერთი საფუძველია - მიწოდება „ნებისმიერი მომსახურების, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან, მათ შორის გაყიდვა, მიწოდება ან გადაცემა [...] ნებისმიერი საქონლის ან საქონლის კლასის”.

განკარგულების თანახმად, “უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებში” იგულისხმება ნებისმიერი დაწესებულებები, რომლებიც ფინანსური მომსახურების მიწოდებით არიან დაკავებულნი, მათ შორის ბანკები, საპენსიო ფონდები, საგადასახადო სისტემების ოპერატორები და მათი შვილობილი კომპანიები.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასეთი სანქციების შემოღება გაფრთხილების გარეშეა შესაძლებელი, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში სასანქციო აქტივების გადამალვის რისკები არსებობს.

interpressnews.ge