აქტუალური
უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეყოვნდა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:00 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია.

მგზავრები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის აღდგება ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა.

ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათში აღდგება.

დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12:00 საათისთვის განახლდება”, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.