სამართალი
ომბუდსმენი: მიხეილ სააკაშვილს თუ დამატებით სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და ის გაუმჯობესებულია.

„მიხეილ სააკაშვილთან, როცა სახალხო დამცველი გავხდი, მაშინ ვიყავი, მოვინახულე. მას შემდეგ არ შემიწყვიტავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. პერიოდულად, მასთან ჩემი მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი შედის და რაც მთავარია, 3 თვეში ერთხელ კონსილიუმი მიდის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს, შემდეგ კი, დასკვნას საჯაროდ ვაქვეყნებთ. მიხეილ სააკაშვილმა იცის და მისთვის ნათქვამი მაქვს, თუ დამატებით, სურვილი ექნება სახალხო დამცველის ნახვის, ამაზე უარს არასდროს ვეტყვი. თუმცა, ჩემთვის, როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი კრიტიკული აღარ არის, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იანვარში უკვე კონსილიუმს უწევს შესვლა და დამატებით უკვე კონსილიუმი იტყვის, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ის ბუნებრივია, გამორჩეული პატიმარია, თუმცა, უფლებების კუთხით, ის თანაბარი უფლებებით სარგებლობს, ისევე როგორც სხვა პატიმრები. როცა სააკაშვილთან სანახავად მივედი, ყველა პატიმარი მოვინახულე, რომელიც იმ დაწესებულებაში იყო. მიუხედავად იმისა, ვინ არის ადამიანი, უფლებების კუთხით, ყველას თანაბარი გვაქვს. ბუნებრივია, ის ყოფილი პრეზიდენტია და მასზე მეტი ინტერესი იქნება მედიის მხრიდან, თუმცა, ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის მსჯავრდებულების უფლებების დაცვა თანაბრად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს იოსელიანი.