პოლიტიკა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირის ცხრა დათქმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა პანაცეა არ არის! - სამუშაო ჯგუფების შექმნის ამოჩემებაში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ, - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება.

კითხვაზე, ევროკომისიის განახლებული რეკომენდაციების შესასრულებლად შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „მთელი პარლამენტი სამუშაო ჯგუფია და იმაზე კარგი სამუშაო ჯგუფი, ვიდრე ეს პარლამენტის კომიტეტებია, არავის მოუგონია“.

ოპოზიციურ პარტიებს გარკვეული პროგრამა და ხედვა, თუ რა საკითხების განხილვაში უნდა ჩაერთონ, არ გააჩნიათ. მათ ის მუხტი შეინარჩუნეს, რაც 2023 წლიდან გადმოჰყვათ - ეს არის აგრესიული საბოტაჟის პოლიტიკა, რასაც მუდმივად აწარმოებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად იციან, კომიტეტები არსებობს, არსებობს დარგობრივი თემები, საპარლამენტო ფორმატები, სადაც მუშაობაა საჭირო და არა ახალი ფორმატების მოგონება, თითქოს და, ეგენი იღვწიან საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. მას მერე, რაც საქართველომ სტატუსი მიიღო, ამან რადიკალური ოპოზიციის ბანაკში სერიოზული ისტერიკა გამოიწვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.