პუბლიკაციები
ზურაბ წერეთელს 90 წელი შეუსრულდა

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოჩენილ ფერმწერს, ცნობილ მოქანდაკესა და პედაგოგს, ზურაბ წერეთელს იუბილეს ულოცავს.

ზურაბ წერეთელი 4 იანვარს 90 წლის გახდა.

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საიუბილეო თარიღს ულოცავს ხელოვანს, დღეგრძელობასა და კვლავაც მრავალ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ზურაბ წერეთელი არის საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი, 2002 წლიდან - თბილისის საპატიო მოქალაქე. 2012 წლიდან თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), რომელიც არაერთი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის გამოფენების მასპინძელია.

ზურაბ წერეთელი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. მიღებული აქვს საფრანგეთის - „ვერმეილის“, გაბრიელა მისტრალის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, იუნესკოს ოქროს ორდენი, პაბლო პიკასოს დიდი პრემია; არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, რუსეთის სახელმწიფო პრემიის, სსრკ-ის პრემიისა და სხვა მრავალი პრემიის მფლობელი. ზურაბ წერეთელი ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრია, არის ღირსების ორდენისა და ხალხთა მეგობრობის ორდენის მფლობელი.

ზურაბ წერეთელი თბილისში დაიბადა. მამა — კონსტანტინე წერეთელი (1903-2001 წ.) ცნობილი ინჟინერ-მშენებელი იყო.

ახალგაზრდობის ასაკში ზურაბზე განსაკუთრებული გავლენა მისმა ბიძამ (დედის ძმამ) — გიორგი ნიჟარაძემ მოახდინა, რომლის სახლში იკრიბებოდნენ ცნობილი მხატვრები დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე, უჩა ჯაფარიძე.

წერეთელმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ საფრანგეთში სწავლობდა. აქ მან პაბლო პიკასო და მარკ შაგალი გაიცნო.

1960-იანი წლებიდან წერეთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა მონუმენტურ ხელოვნებას გაჰყოლოდა. მისი ქანდაკებების ნახვა, საქართველოსა და რუსეთის გარდა, შესაძლებელია ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ–ში, საფრანგეთში, იაპონიაში, ბელარუსში, ლიტვასა და სხვა ქვეყნებში.

რუსეთში საცხოვრებლად წერეთელი 1989 წელს გადავიდა. 1997 წლიდან წერეთელი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. 2003 წელს რუსეთის ფედერაციის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

წერეთელი ასევე თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმისა და წერეთლის ხელოვნებათა გალერეის დირექტორია. ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა. ის აგრეთვე „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კავალერია.

მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი, საქართველო.

მხატვრის ცნობილ ნამუშევართა შორისაა: „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“ (აშშ, 1979), „ადამიანი და მზე“ (თბილისი, 1981), „უნდობლობის კედლის დანგრევა“ (ინგლისი, 1989), „ბოროტსა სძლია კეთილმან“ (აშშ, 1990), წმინდა ნინოს ძეგლი (თბილისი, 1984-1994), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), წმინდა გიორგის ძეგლი (თბილისი, 2007), პრომეთე (აშშ, 1979), მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში. აღსანიშნავია მისი მოზაიკური ნამუშევრები ბიჭვინთაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ წერეთელი, უპირველეს ყოვლისა, განთქმულია როგორც მოქანდაკე, ის თვითონ აღიარებს, რომ სულით ნამდვილი მხატვარია. მისი სურათები ფერის, ადამიანისა და ბუნების სილამაზის ნამდვილი ოდაა. წერეთელს უყვარს მზესუმზირების, რეალური ადამიანების არარეალური პორტრეტების, ასევე ცხოვრების უხილავი სიუჟეტების ხატვა, რომლებიც ასეთი მოულოდნელი, საყვარელი და ყოველთვის მნიშვნელოვანია. მისი შემოქმედების მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველო და მისი განუმეორებელი, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება.