უცხოეთი
ჯონ კირბი - უკრაინას უკვე მივაწოდეთ დახმარების ბოლო პაკეტი, რის სახსრებიც გვქონდა, ახლა კონგრესის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ, რათა გავაგრძელოთ დახმარება

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის დახმარების გაგრძელება რომ შევძლოთ, კონგრესისგან მხარდაჭერა გვჭირდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინას უკვე მიაწოდეს დახმარების ბოლო პაკეტი, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ჰქონდათ.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი, რისი სახსრებიც გვქონდა, ზუსტად ახალ წლამდე, შობის შემდეგ. ახლა ჩვენ კონგრესის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ, რომ გავაგრძელოთ ამის კეთება“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, ახლა საჭიროა დამატებითი პაკეტის გამოყოფა. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ბოლო პაკეტი 250 მილიონის დოლარის ოდენობით შობის შემდეგ დღეებში გაიცა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 60 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა აშშ-ის კონგრესმა ის არ დაამტკიცა, რადგან სანაცვლოდ თეთრი სახლისგან მექსიკის საზღვართან საიმიგრაციო უსაფრთხოების გამკაცრებას მოითხოვს.

1tv.ge