პოლიტიკა
მმართველი პარტიის დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გაემგზავრა

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან.

ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.

ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.