პუბლიკაციები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" - გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.

დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება.

საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში.

ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი, - 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1 პროცენტზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5 პროცენტზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო.

თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს.

ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში.

ჩემმა ძვირფასმა კოლეგამ, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა, ახსენა დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა.

ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.

უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონას გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონულ ჰაბადაც ვიქცეთ.

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.

ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა, რადგან 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ და დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

ასევე, ძალიან მოკლედ მინდა ვახსენო, რომ 2012 წელს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. ასე მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა, - თითქმის 4250 აშშ დოლარი იყო 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო წელს 8600 აშშ დოლარი იქნება.

ეს იყო უახლესი ინფორმაცია და მონაცემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა და განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და კომპანია Sabanci Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენკ ალპერი.

პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.