სამართალი
ზურაბ ჩხაიძე: „წამების პრევენციის ევროპული კომისიის“ დასკვნაში ასახულია, რომ „ვივამედში“ ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს, სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ჩვენი კლინიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობაზე, უფლებების დაცვაზე ზრუნვა, ადეკვატური კვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა, „წამების პრევენციის ევროპული კომისიის“ დასკვნაშიც ასახულია, რომ ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე, – ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, „ვივამედი“ არის პოლიპროფილური კლინიკა და, შესაბამისად, გარკვეული სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე ჰყავს მიწვეული.

ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე, აქ იგულისხმება როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული კვლევები და მათ მკურნალობა უტარდებათ საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვახარებს ეს დასკვნა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, აქ საუბარი იყო ფსიქიატრის, ფსიქოლოგის კლინიკაში დასაქმებაზე. ჩვენ ვართ პოლიპროფილური კლინიკა, ჩვენ არ ვართ ფსიქიატრიული კლინიკა, შესაბამისად, გარკვეული სპეციალისტები გვყავს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული, მათ შორის ფსიქიატრი. როდესაც პაციენტს ესაჭიროება ფსიქიატრიული დახმარება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვიწვევთ სპეციალისტს, მას უტარდება კონსულტაცია და ენიშნება ადეკვატური მკურნალობა. კონკრეტულ შემთხვევაშიც, პაციენტთან იყო სრულიად შესაბამისობაში. ვიწრო სპეციალისტი, იქნება ეს ფსიქიატრი, დერმატოლოგი თუ ა.შ. ჩვენ მათ ვიწვევთ ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენთან კვადრატული მეტრი, რომელიც გათვლილია თითოეულ პაციენტზე, სრულიად ჯდება სტანდარტში. რაც შეეხება კონკრეტულ პაციენტს, ბატონ სააკაშვილს, ის მოთავსებულია ოროთახიან პალატაში, შესაბამისად, მოცულობაზე საუბარი არ შეიძლება. ის, რომ აღნიშნულია გარემოს მიმართ მათი პრეტენზიები, ეს არაა ჩვენი კომპეტენცია, ამას არეგულირებს შესაბამისი დაწესებულება და ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.