უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს მასშტაბური წვრთნები სამხედრო ინციდენტების რისკს ზრდის

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ისეთი მასშტაბის წვრთნები, როგორიცაა NATO’s Steadfast Defender 2024, ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს, მაგრამ ძალის ასეთი პროვოკაციული დემონსტრირებით რუსეთი არ შეშინდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

„ამ მასშტაბის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ინციდენტების რისკს და კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების ვითარების დესტაბილიზაციას. მაგრამ, ევროპის უსაფრთხოების ინტერესები დღეს ნაკლებად აღელვებთ მათ, ვინც ნატო-ს ხელმძღვანელობს, მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ ამერიკული გავლენის ეს ინსტრუმენტი მსოფლიოში, უკვე წაგებულ ბრძოლაში, დასავლური ჰეგემონიის გასაგრძელებლად“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთს „ძალის ამ პროვოკაციული დემონსტრაციებით“ ვერ შეაშინებენ და მოსკოვს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ყველა რესურსი აქვს.

შეგახსენებთ, ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.