სამართალი
ყასიმ-ჟომართ თოყაევი: ვაპირებთ, შუა დერეფანი ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიას დავუკავშიროთ

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. შუა დერეფანი ეფექტურად ავსებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას, ჩვენ ვაპირებთ ის დავუკავშიროთ ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს და „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიას, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, იტალიის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთი ასევე მხარს უჭერს „დიდი შვიდიანის“ ინიციატივას, „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ყაზახეთმა 35 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. უახლოეს სამ წელიწადში ჩვენ ვგეგმავთ 1 300 კილომეტრზე მეტი რკინიგზის აშენებას. ეს გაზრდის საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთის, სამხრეთ აზიისა და ევროპის მიმართულებით. ვიწვევთ იტალიელ ინვესტორებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა ჩვენი პორტების განვითარებაში, სატრანსპორტო გემების ერთობლივ წარმოებასა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაში“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.