აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: ნატო 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას შეიძენს

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ალიანსის მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა მენეჯერმა, სტეისი კამინგსმა დაახლოებით 220 000 ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს.

„ჩვენ ახლახან გავაფორმეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა ხელმოწერის ცერემონიალზე.

ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ კონტრაქტები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის შესყიდვაზე გააფორმა. შესყიდვები მოიცავს 5.5 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად, 4 მილიარდ აშშ დოლარს 155 მმ-იანი არტილერიისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და სატანკო საბრძოლო მასალისთვის.