სამართალი
სასამართლომ წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს და მის ყოფილ მოადგილეს აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეუფარდა

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამირან ნაჭყებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პტიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთს ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა და თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო.

დიმიტრი ქვაჭრეილშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღებას, ჩადენილს გამოძალვით.

ამირან ნაჭებიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.