აქტუალური
ანა ნაცვლიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები არაფერს ცვლის, თუმცა, მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია.

„ოცნებამ“ იცის, რომ საზოგადოებას სურს ცვლილებები და ცდილობს შესაკრებთა გადაადგილებით შექმნას ამ ცვლილების იმიტაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ჯამი არ იცვლება. ეს იგივე ოლიგარქის პარტიაა, იგივე რუსი ოლიგარქია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ოლიგარქი არ შეიცვლება, საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მოქალაქისთვის არაფერს ცვლის. ეს მხოლოდ მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია. რამდენი პანიკური ნაბიჯიც არ უნდა გადადგან და ბუტაფორიული ცვლილებები განახორციელონ, ეს მათ ჩაძირულ გემს ვერ გამოასწორებს. რაც შეეხება - რატომ კობახიძე? კობახიძის დანიშვნა ამ პოზიციაზე კიდევ ერთი და საბოლოო გზავნილია, რომ არანაირი რეფორმები არ იქნება. ეს ის კობახიძეა, რომლის სიმხდალის და უპასუხისმგებლობის გამოც მოხდა „გავრილოვის ღამე“, რომელმაც დაუშვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ჩამჯდარიყო რუსი გავრილოვი. ეს ის კობახიძეა, რომელმაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა გადარჩენილ ადამიანებს შოვის ტრაგედიის შემდეგ. ის კობახიძეა, რომელიც პირველი სპიკერი იყო ანტიევროპული განცხადებებისა და ის კობახიძეა, რომელმაც ხმა მისცა რუსულ კანონს. ასე რომ, ეს გზავნილია ძალიან მკაფიო, რომ ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება რუსეთისკენ რჩება უცვლელი და კიდევ უფრო მკაფიო და საჯარო ხდება ეს ამბავი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.