საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ მომავალ პრემიერს, თქვენთან ასოცირდება ანტიევროპული რიტორიკა, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას?

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მათ, კოლექტიურად და პიროვნულად, ევალებათ ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ შეაფასებს მომავალ პრემიერს.

მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია. მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და, კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმც, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.